მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნას აკლია სამართლებრივი ექსპერტიზა და არგუმენტები, რა ნაწილში მოდის წინააღმდეგობაში გამჭვირვალობა ადამიანის უფლებებთან
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნას აკლია სამართლებრივი ექსპერტიზა და არგუმენტები, რა ნაწილში მოდის წინააღმდეგობაში გამჭვირვალობა ადამიანის უფლებებთან

ეუთო/ოდირის დასკვნას აკლია არგუმენტები იმის თაობაზე, გამჭვირვალეობა რა ნაწილში მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან და სტანდარტებთან, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე შეფასებით, დასკვნას აკლია სამართლებრივი ექსპერტიზა.

„რაც ვიხილეთ, ზოგადი ფრაზებითა და დასკვნებით არის შემოფარგლული, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ სტანდარტებს. დასკვნას ისევ აკლია არგუმენტები იმის თაობაზე, გამჭვირვალობა რა ნაწილში მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან და სტანდარტებთან. თურმე რაღაც მოთხოვნები შეიძლება იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეიძლება, იყოს ლეგიტიმური მოთხოვნები. უცნაურია, რომ ამ მოთხოვნებში გამჭვირვალეობის მოთხოვნა ითვლება არასამართლიანად, რაც შეუსაბამოა სტანდარტებთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს დასკვნაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ პოზიციას, რაც მიმართულია ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებებისთვის და მას აკლია სამართლებრივი ექსპერტიზა და არგუმენტები, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალეობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამო“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნას საფუძვლად დაედო იმ ექსპერტის მოსაზრებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.

„ეს ბევრ რამეს ამბობს, როცა ჩვენ ობიექტურობაზე გვაქვს კითხვები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაქირავებული ექსპერტების მიმართ, რაც შემდეგ საფუძვლად ედება საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით გაკეთებულ დასკვნებს. სინამდვილეში, მათ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან „ნაცმოძრაობასთან“ და მათი „ექსპერტიზის“ საფუძველზე იქმნება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა.