მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ რუსული აგრესიის წინაშე ვართ ათწლეულების განმავლობაში, ეს ქმნის უკიდურესად სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებს, ამის ფონზე ჩვენ შევძელით ბევრი წარმატების მიღწევა
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ რუსული აგრესიის წინაშე ვართ ათწლეულების განმავლობაში, ეს ქმნის უკიდურესად სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებს, ამის ფონზე ჩვენ შევძელით ბევრი წარმატების მიღწევა

დავიწყებ ევროკავშირის მიმართ მადლობით გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების გამო, ეს იყო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება ევროპისთვის და როდესაც ვამბობ ევროპას, ვგულისხმობ ევროკავშირს და ასევე საქართველოს, რადგან ორივე ჩვენგანისთვის ეს ისტორიული იმპულსია, რომ დაიწყოს ჩვენი ისტორიის ახალი გვერდის წერა, ესაა ევროპული საქართველო და საქართველო ევროკავშირის შემადგენლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არის ქვეყნის მისწრაფებების რეალური აღიარება.

„ამ ამოცანის მიღწევა არ იყო ადვილი ჩვენთვის, გვქონდა ტრადიციული გეოგრაფიული გამოწვევები, როდესაც განვიხილავდით საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას წლების განმავლობაში. ამის მიუხედავად, ჩვენ წინაშე იყო ბევრი შიდა და გარე გამოწვევა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 2022 წლის შემდეგ. გასული წლის გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების რეალური აღიარება, შევუერთდეთ ევროკავშირს, რაც არის ქართველი ხალხის დიდი ხნის სურვილი. იცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტს სურს, იყოს ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი და მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ასევე იყო იმ ძალისხმევის აღიარება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასწია ბოლო ათი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წელს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას უკრაინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოსთვის ახალი არ არის და რომ საქართველო ათწლეულების განმავლობაში რუსული აგრესიის წინაშეა.

„ასევე, აუცილებელია აღინიშნოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ვსაუბრობთ გაფართოების ახალ მიდგომებსა და შესაძლებლობებზე, რომელიც შეიქმნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ არის ახალი რეალობა ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ რუსული აგრესიის წინაშე ვართ ათწლეულების განმავლობაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ არის რუსული ოკუპაციის ქვეშ. ეს ქმნის უკიდურესად სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნისთვის. ამის ფონზე ჩვენ შევძელით ბევრი წარმატების მიღწევა სხვადასხვა მიმართულებით და შევქმენით რეალური დისკუსიების საფუძველი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ახლა ჩვენ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა მოლაპარაკების ეტაპზე იმის განსახილველად, თუ რა არის რეალური პირობები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკურად ჩვენი პატარა რეგიონისთვის. ეს ასევე არის ახალი რეალობა ჩვენი მეზობლებისთვის. ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რეგიონის, ევროკავშირის უკეთესი მომავლისთვის. არის შესაძლებლობები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად. ეს არის ახალი რეალობა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ამ ინიციატივის მიღწევა, რომელიც დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, 2009 წელს. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან და ვუსურვებთ ჩვენ მეზობლებს, მალე ისარგებლონ მათაც ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.