მაკა ბოჭორიშვილი - აუცილებელია, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს პროგრესი, მიღწევები და გაწევრიანების მოლაპარაკებები გაჭინაურების გარეშე დაიწყოს
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაძლიერება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებასა, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს პროგრესი და მიღწევები და გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს გაჭინაურების გარეშე.
„ამ უკიდურესად კომპლექსურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა. წარმატების მისაღწევად ჩვენ სამართლიანი და შედეგებზე ორიენტირებული გაფართოების პროცესი გვჭირდება.
გასულ წელს ევროკავშირმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა საქართეველოს – ევროპაში ყველაზე მოწყვლად და ყველაზე მტკიცე ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას.
ჩვენ კარგად ვიცით, რა არის რუსული აგრესია. გამოცდილი გვაქვს, რამდენად რთულია ქვეყნის ტრანსფორმაცია უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როცა რუსეთის მიერ გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.
მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ხელშესახები პროგრესის მიღწევა და საქართველო ვაქციეთ მიმზიდველ ქვეყნად უდიდესი შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია, წვლილი შეიტანოს ევროპის უკეთესი მომავლის ფორმირებაში.
თუმცა გაფართოების მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პროგრესს და გამოყენებული იყოს, როგორც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, როგორც ეს მოხდა ორი წლის წინ, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებული აღქმების საფუძველზე, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაძლიერება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს პროგრესი და მიღწევები და გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს გაჭინაურების გარეშე.
დაბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ევროკომისარ ვარჰეის ამ ურთულეს და ისტორიულ მომენტში განხორციელებული საქმიანობისთვის. უახლოეს მომავალში მოხდება ევროკომისიის ახალი ხელმძღვანლობის დამტკიცება და მის საქმიანობას ექნება ისტორიული მნიშვნელობა ევროპის მომავლისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.