ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე 90 კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უზბეკ დავლატ ბობონოვს სძლია.
მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა ბექა ღვინიაშვილსაც, მაგრამ იგი ბრაზილიელ მაჩედოსთან დამარცხდა.
დაახლოებით ერთ საათში ტურნირის ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ილია სულამანიძე იჭიდავებს (100კგ). ქართველის მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა იქნება.
22 დეკემბერს ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ქართველმა – ვარლამ ლიპარტელიანმა, ონისე სანებლიძემ, გიორგი ბერიაშვილმა (სამივე – 100 კგ) და მძიმეწონოსანმა ქალმა სოფია სომხიშვილმა შეჯიბრება უმედლოდ დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი იყო – მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.