ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაიმუნის ყვავილი (mpox) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემთხვევათა რაოდენობამ იმატა და გაჩნდა სხვაგან გავრცელების საშიშროებაც.
შედეგად, დაიწყო კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება და რესურსების მობილიზება, მაგალითად, ვაქცინებისა და სადიაგნოსტიკო ტესტების, რათა ინფექციური დაავადების გავრცელება შეჩერდეს.
თუმცა, ორგანიზაციას მაიმუნის ყვავილი პანდემიად არ გამოუცხადებია. მის მიერ შემოღებული ზომის მიზანი სწორედ ამის თავიდან აცილებაა.
რატომ გახდა საგანგაშო
მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ახლოს ენათესავება ყვავილს. საწყის სიმპტომებს შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძების შესივება და კუნთების ტკივილი. შემდეგ ჩნდება გამონაყარი — ძირითადად სახეზე, ხელებსა და ფეხებზე.
ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში გავრცელების გამო, კვირის დასაწყისში აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კონტინენტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, ცენტრს ამ ზომის მიღება პირველად მოუხდა.
უკვე წელიწადზე მეტია, სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
არსებობს მაიმუნის ყვავილის ორი ტიპი, იგივე კლადი. ტიპი II სათავეს დასავლეთ აფრიკაში იღებს და ნაკლებად მწვავეა. მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ პროცენტამდეა (ანუ, ასი ინფიცირებულიდან მოსალოდნელია ერთის სიკვდილი). თუმცა ტიპი I-ს, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში გაჩნდა, სიკვდილიანობის 10-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს (კვდება ათი ინფიცირებულიდან ერთი). შედარებისათვის — COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ომიკრონ ვარიანტის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,7 პროცენტია. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ტიპი I-ის დიდი ეპიდემიაა.
ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ ნაწილში მაიმუნის ყვავილი ენდემურია; იქ ეს ვირუსი ცხოველებში არსებობს და შეუძლია ადამიანებში გავრცელებაც. 2017 წლის შემდეგ, გავრცელებამ იმატა, განსაკუთრებით ადამიანიდან ადამიანში.
ამის ნაწილობრივი მიზეზი არის დაბალი იმუნურობა მაიმუნის ყვავილის ვირუსისადმი, რომელიც ენათესავება ყვავილის გამომწვევ ვირუსს. დაახლოებით 40 წლის წინ, ყვავილის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია გლობალურად შეწყდა, რადგან მოხდა ამ ვირუსის სრულიად ამოძირკვა. შედეგად, დღეისათვის პოპულაციებს ყვავილის წინააღმდეგ მინიმალური იმუნურობა აქვთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ტიპი I-ს უკავშირდება. მას არა მხოლოდ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს, არამედ ახალი მუტაციებიც, რომლებმაც ადამიანებს შორის გავრცელება გააძლიერა. ეს ცვლილებები და ყვავილისადმი იმუნურობის გლობალური ნაკლებობა მსოფლიო მოსახლეობას ვირუსისადმი მოწყვლადს ხდის.
ორი სხვადასხვა ეპიდემია
2022 წელს, მაიმუნის ყვავილის ეპიდემია არაენდემურ ქვეყნებშიც შევიდა, მათ შორის აფრიკის მიღმა. ეს გახლდათ ტიპი II-ის ვარიანტი ნიგერიიდან, სახელად ტიპი IIb. ის სქესობრივად გადამდები იყო და ძირითადად აინფიცირებდა მამაკაცებს, რომლებსაც სექსი მამაკაცებთან ჰქონდათ; ჰქონდა სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი.
ეპიდემიამ პიკს 2022 წელს მიაღწია; მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ხელმისაწვდომი იყო ვაქცინები რისკის წინაშე მყოფ ადამიანთათვის. აღმავლობა კვლავ დაფიქსირდა 2024 წელს.
ამავე დროს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტიპი I-ის ეპიდემია მიმდინარეობდა, მაგრამ ამას გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ.
ამ ქვეყანაში ვაქცინები ხელმისაწვდომი არ იყო, 2023 წელსაც კი, როცა იქ ინფიცირების 14 626 და სიკვდილის 654 შემთხვევა დაფიქსირდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4,5 პროცენტი იყო, ბავშვებში კი უფრო მაღალი.
უფრო მეტიც, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სიკვდილის შემთხვევათა უმეტესობა ბავშვები იყვნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადადებათა დიდი ნაწილი არასქესობრივია და სავარაუდოდ ხდება ახლო კონტაქტით ან რესპირატორული აეროზოლებით.
თუმცა, 2023 წელს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არაენდემურ ნაწილში, სამხრეთ კივუს პროვინციაში, სქესობრივი გზით გავრცელება დაფიქსირდა, რაც მიუთითებდა, რომ საქმეში ჩართული იყო ერთზე მეტი ეპიდემია და ვირუსის გადადების სხვადასხვა რეჟიმები.
2024 წლის შუა თვეებში, ამ ქვეყანაში უკვე იმაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ვიდრე 2023 წელს ჯამში, 15 600-ზე მეტი ინფიცირებული და 537 გარდაცვლილი.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტესტირების გავრცელება დაბალია, შემთხვევათა უმეტესობა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და კამიტაგუსა და სამხრეთ კივის პროვინციებიდან მიღებული მონაცემები ეფუძნება გენომურ სეკვენირებათა მცირე ნიმუშს.
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ტიპი I ვირუსში მუტაციები დაახლოებით 2023 წლის სექტემბერში მოხდა და შედეგად, გადაიქცა ვარიანტ Ib-დ, რომელიც ადამიანთა შორის უფრო ადვილად გადამდებია. არ არსებობს მეტი მონაცემი, რომ მოხდეს ამ ვირუსების შედარება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ინფიცირების გამომწვევ სხვა ვირუსებთან.
მაიმუნის ყვავილი საერთაშორისოდ ვრცელდება
გასულ თვეში, ვირუსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეზობელ ქვეყნებში, რუანდასა და ბურუნდიში გავრცელდა. ასევე გავრცელდა აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, კენიასა და უგანდაში. ამ ქვეყნებში იქამდე შემთხვევები არ ფიქსირდებოდა.
ურთიერთდაკავშირებულ, მობილურ მსოფლიოში, ვირუსი შეიძლება სხვა კონტინენტებზეც გავრცელდეს, როგორც ეს 2018 წელს მოხდა, როცა მაიმუნის ყვავილი გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა.
შესაძლოა, სწორედ მოგზაურობასთან დაკავშირებულმა სულ რამდენიმე შემთხვევამ განაპირობა 2022 წელს ტიპი IIb-ის მრავალქვეყნიანი ეპიდემია.
ვაქცინები არსებობს, მაგრამ არაა იქ, სადაც საჭიროა
ვინაიდან ყვავილისა და მაიმუნის ყვავილს ვირუსები ნათესავები არიან (ორივე მათგანი ორთოპოქსივირუსია), მაიმუნის ყვავილისგან ყვავილის ვაქცინა იცავს. 2022 წლის ტიპი IIb-ის საკონტროლებლად სწორედ ეს ვაქცინები გამოიყენებოდა.
თუმცა, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ამ ვირუსზე აუცრელია და ყვავილისადმი იმუნიტეტი არ აქვს.
ახალი ვაქცინა (ზოგიერთ ქვეყანაში სახელად Jynneos, ზოგშიც Imvamune და Imvanex) ეფექტიანია. თუმცა, შეზღუდულია მიწოდება და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ის იშვიათობაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვაქცინების საჭირო ადგილას მობილიზებას დაეხმარება. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ვაქცინის 200 000 დოზაზე, რაც მაინც ძალიან ცოტაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პანდემიის შეჩერებისთვის საჭირო რაოდენობასთან შედარებით.
რა ხდება ახლა
მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც უნდა გაჩნდეს, სერიოზული ეპიდემია ბოლოს ყველასთვის შემაშფოთებელი ხდება, რადგან მოგზაურობის შედეგად ის შეიძლება გლობალურად გავრცელდეს, როგორც ეს „კოვიდის“ შემთხვევაში მოხდა.
საუკეთესო საზომია მისი კონტროლი წყაროსთანვე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი დეკლარაცია სწორედ საჭირო რესურსთა მობილიზებას უზრუნველყოფს.
ასევე გადამწყვეტია მაიმუნის ყვავილის ამ უფრო სერიოზული ვარიანტის გავრცელების მონიტორინგი, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ ქვეყანას ფართო ტესტირების საშუალება არ აქვს.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანთა 20-30 პროცენტს შეიძლება იმავე დროს ჩუტყვავილაც ჰქონდეს, რომელიც სულ სხვა ინფექციაა, მაგრამ მასაც გამონაყარი ახასიათებს. შესაბამისად, პირველად ჩუტყვავილას დიაგნოზი (რისი ტესტირებაც ადვილია) სულაც არ გამორიცხავს მაიმუნის ყვავილს.
ასევე გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ეფექტიანი კომუნიკაცია და ზომები დეზინფორმაციის წინააღმდეგ. უკვე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს კოვიდპანდემიის დროს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.