„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ 36 ქვეყნის მომხმარებლების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდა
„მაიკროსოფტმა“ კიბერთავდასხმის შესახებ განაცხადა, რომელიც კორპორაციის ინფორმაციით, სავარაუდოდ რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს.
ამერიკული კორპორაციის განცხადებით, კიბერშეტევები Nobelium-ის ჯგუფის მიერ განხორციელდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის რუსული ჯგუფი, რომელიც 2020 წელს SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვაზეა პასუხისმგებელი.
„მაიკროსოფტის“ მონაცემებით, ახალი შეტევები 36 ქვეყნის მომხმარებლების წინააღმდეგ განხორციელდა, ძირითადად კი, შეეხო აშშ-ის (45%), დიდი ბრიტანეთის (10%), კანადისა და გერმანიის მომხმარებლებს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ამჯერად, თავდამსხმელების სამიზნეები IT-კომპანიები, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები და ფინანსური დაწესებულებები გახდნენ.
კომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელების ქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა და მხოლოდ სამი დაწესებულება დაზარალდა.
კორპორაციამ ასევე აღმოაჩინა პროგრამა, რომელიც დაინსტალირებული იყო „მაიკროსოფტის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის მოწყობილობაში. კომპანიის აცხადებენ, რომ ჰაკერები აღნიშნულ პროგრამას მიზანმიმართული თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ.