„მაიკროსოფტის“ გლობალური გათიშვის გამო დღეს შეფერხება იყო ქუთაისის აეროპორტშიც
„მაიკროსოფტის“ გლობალური გათიშვის გამო დღეს შეფერხება იყო ქუთაისის აეროპორტშიც

„მაიკროსოფტის“ გლობალური გათიშვის გამო დღეს შეფერხება იყო ქუთაისის აეროპორტშიც. ავიაკომპანია Wizz Air-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მგზავრებს აფრთხილებს, ფრენამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტებში.

„დღეს, როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებს გლობალური IT სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. Wizz Air-ის მომხმარებლებს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიმდინარე შეფერხების პერიოდში მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში, რათა შეძლონ რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის პროცედურების სწრაფად გავლა. აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის“, – აღნიშნულია Wizz Air-ის განცხადებაში.

ამასთან, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გლობალური შეფერხების გამო ქუთაისიდან ბერლინისკენ გაფრენილი რეისი ბერლინის აეროპორტმა ვერ მიიღო, რის გამოც ის პოზნანში დაჯდა. კატოვიცეს რეისზე კი რეგისტრაციამ მხოლოდ 20 წუთი დააგვიანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სხვა შეფერხებები არ დაფიქსირებულა.

კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში დღეს ქაოსი გამოიწვია.