მაიკლ ქაუგილი - ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ, გვახარებს, რომ ეს ფორმატი არსებობს და ქმედითია
ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, მაიკლ ქაუგილიმ განუცხადა.
მან საბჭოს სხდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან გვახარებს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომა შედგა. ალბათ, ახალი წლის, პრემიერის ცვლილებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო გარკვეული პაუზა იყო. გვახარებს, რომ ეს შეხვედრა დღეს შედგა, რადგან ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინვესტორები, კერძო სექტორი მოდიან რეალურ საკითხებზე და მთავრობას ესაუბრებიან. დღევანდელ შეხვედრას არამხოლოდ პრემიერ-მინისტრი, არამედ ექვსი მინისტრი ესწრებოდა, აქედან გამომდინარე საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ. ამ ფორმატში რეკომენდაციებზე არ გვაქვს საუბარი, რადგან რეკომენდაციები თემატურ სამუშაო ჯგუფებში მუშავდება, იქ გავდივართ ყველა აქტუალურ საკითხს და რეკომენდაციები იწერება. აქ კი, გამოგვაქვს ყველაზე მსხვილი საკითხები. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა.
როგორც მან განმარტა, ძირითადად საუბარი შეეხო გადახდისუუნარობის შესახებ კანონმდებლობას, მიწის რეგისტრაციის საკითხს, ასევე საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობას.
„ძალიან გვახარებს, რომ ეს ფორმატი არსებობს და ძალიან ქმედითია“, – განაცხადა მაიკლ ქაუგილიმ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა.