მაიკ პომპეო - ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა
მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენი ურთიერთობა გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა მიმდინარე რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მე ასევე მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ქვეყნის პარლამენტის პასუხისმგებლობაზე, რაც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის შესაბამისად მუშაობასა და მოსახლეობისადმი დანაპირების შესრულებაზე ზედამხედველობას.
ბოლოს, იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს და ამით გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან და იმავდროულად ქვეყნის პოზიცია დაცული გახდება რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან. ეს ვითომ მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ იზიარებენ”, – განაცხადა პომპეომ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.