მაიკლ კარპენტერი - რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, სამწუხაროდ, საქართველო რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების სიმბოლოა
ჩვენ უნდა გვქონდეს ახლო პარტნიორობა საქართველოსთან, უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვჭირდება თანამშრომლობა დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებაში, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ელჩი აცხადებს, გადამწყვეტია, რომ აშშ-მა და საქართველომ, როგორც თანამოაზრე პარტნიორებმა და ქვეყნებმა, თანამშრომლობა გააღრმაონ.
ამასთან, მაიკლ კარპენტერის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების, რომელიც 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეეხება.
„არაერთხელ წამოვწიე საქართველოს საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, რადგან ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთის ზრახვებს. რუსეთი ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე ახდენს ძალების მობილიზაციას, რაც ასევე მოხდა 2008 წელს აგვისტოში საქართველოში. ჩვენ რუსეთის ქცევის ეს წესი ნანახი გვაქვს მანამდეც. ჩვენ ვიცით, რომ მას შეუძლია, გამოიყენოს ეს ყველაფერი შენიღბული თავდასხმისთვის. თუმცა, ახლა, უკრაინის შემთხვევაში, ჩვენ ცოტა უკეთ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს მომდევნო კვირებში. სამწუხაროდ, საქართველო სამწუხაროდ არის შეუსრულებელი ვალდებულებების სიმბოლო. ჩვენ გვაქვს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ამ დრომდე არ შესრულდა. ეს შეთანხმება მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები ყაზარმებში, იმ პოზიციებზე, რომელიც მათ დაკავებული ჰქონდათ 2008 წლის ომამდე, რუსეთს არასდროს შეუსრულებია ეს ვალდებულება. ამის ნაცვლად, მას აქვს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული. ესეც ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილია“, – განაცხადა ელჩმა.
მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ-ს საქართველოსთან ახლო პარტნიორობა უნდა ჰქონდეს.
„როდესაც მე ვმუშაობდი პენტაგონში, ჩვენ წამოვიწყეთ ტერიტორიული თავდაცვის ინიციატივა საქართველოსთან ერთად, რომელსაც ჰქვია „საქართველოს მზადყოფნის პროგრამა“, რითაც ვამაყობ. ეს დაეხმარა საქართველოს ტერიტორიების დაცვაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაასევე, გვჭირდება თანამშრომლობა დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებაში. რაც უფრო დემოკრატიულად მედეგია ქვეყანა, მით უფრო ერთიანი და ძლიერია მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და შესაბამისად, ისინი უფრო რთულ სამიზნეს წარმოადგენენ ძირის გამომთხრელი თავდასხმებისთვის, რომლებიც ქვეყნის გარედან მოდის, რუსეთიდან თუ სხვა მხრიდან. ასე რომ არსებობს რიგი საკითხებისა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და იმედი მაქვს, პროგრესს დავინახავთ. გადამწყვეტია, რომ აშშ-მა და საქართველომ, როგორც თანამოაზრე პარტნიორებმა და ქვეყნებმა, რომლებიც ერთგულები არიან დემოკრატიის, თანამშრომლობა გააღრმაონ“, – განაცხადა კარპენტერმა.
ეუთო-ში აშშ-ის ელჩთან, მაიკლ კარპენტერთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ 28 იანვარს, „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“.