მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ FBI-ისთან იცრუა
მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ FBI-ისთან იცრუა

მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) იცრუა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ფედერალურ სასამართლოში თქვა, რომ დაკითხვაზე ცრუ და ფიქტიური განცხადებები შეგნებულად გააკეთა.

BBC-ის ინფორმაციით, ფლინს მოსამართლე რუდოლფ კონტრერასმა ჰკითხა, სურდა თუ არა დამნაშავედ თავის აღიარება, რაზეც მიიღო პასუხი “დიახ, სერ”. ამის შემდეგ მოსამართლემ განაგრძო: “მე ვიღებ თქვენს განცხადებას. სასამართლო არ იქნება”.

მაიკლ ფლინმა თანამდებობა თებერვალში დატოვა. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, დონალდ ტრამპის მიერ ოფისის დაკავებამდე, გარდამავალ პერიოდში, რუსეთის ელჩ, სერგეი კისლიაკთან შეხვედრის საქმეზე დაკითხა. დაკითხვაზე ფლინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე რუს დიპლომატთან საუბარი უარყო.