მაიკ პომპეოს აშშ-ის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ჟურნალისტი სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, პომპეო რეპორტიორს ტყუილსა და ჟურნალისტიკის საბაზისო წესების დარღვევაში სდებს ბრალს.
როგორც ჟურნალისტი მერი ლუიზ კელი აცხადებს, ეთერის დასრულების შემდეგ მაიკ პომპეომ მას უყვირა და უცენზურო სიტყვით მიმართა. აშშ-ის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლის თქმით, სახელმწიფო მდივნის უკმაყოფილება გამოიწვია ინტერვიუს დროს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის შესახებ დასმულმა კითხვამ.
პომპეოსთან 9-წუთიანი ინტერვიუ ირანის მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკას ეხებოდა, რის შემდეგაც წამყვანი უკრაინის საკითხზე გადავიდა და სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, თუ როგორ იცავდა ის აშშ-ის ყოფილ ელჩს მარი იოვანოვიჩს მასზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმებისგან. აღნიშნულ კითხვას პომპეომ მოკლე პასუხი გასცა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომლის თითოეულ წარმომადგენელს ის მხარს უჭერდა. ამის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ინტერვიუზე ირანზე სასაუბროდ მივიდა.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ინტერვიუს შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მას უყვირა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თანაშემწეებს მსოფლიოს კონტურული რუკის მოტანა დაავალა და კელის მასზე უკრაინის ჩვენება მოსთხოვა.
მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა მაიკ პომპეოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა ის მოატყუა – ერთხელ, ინტერვიუს ორგანიზებისას და მეორედ, როდესაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ინტერვიუს შემდგომ საუბარს არ ჩაიწერდნენ.
„სამარცხვინოა, რომ ამ რეპორტიორმა აირჩია ჟურნალისტიკისა და წესიერების საბაზისო წესების დარღვევა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს შეშლილი მედია ავნოს პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას“, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.
„გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელი ხალხი უნდობლობით არის განწყობილი ბევრი მედიასაშუალებისადმი, როდესაც ისინი ასე თანმიმდევრულად აჩვენებენ თავიანთ დღის წესრიგსა და ერთიანობის არარსებობას“, -აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
თავის მხრივ, მერი ლუიზ კელი აცხადებს, რომ პომპეოს თანაშემწეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ შეკითხვები ირანსა და უკრაინას შეეხებოდა.
უკრაინაში აშშ-ის ელჩი მარი იოვანოვიჩი თანამდებობიდან 2019 წლის მაისში გაათავისუფლეს. მოგვიანებით მან აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ ტრამპი პირადად ცდილობდა მის გადაყენებას.