მაიკ პომპეო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორ ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში ადანაშაულებს
აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, ჩართულია კორუმპირებულ ქმედებებში პირადი სარგებლისთვის და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლის მავნებლური დევნით“, – წერს მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, სექტემბერში აშშ-მა სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას. ამის მიზეზი პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დაწყება გახდა.
„ობამას ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა ამერიკულ ინტერესებზე მაღლა დააყენა. ჩვენ დავასრულეთ ეს. ტრამპის ადმინისტრაცია რომ არ დამდგარიყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე აშშ-ის სუვერენიტეტის დასაცავად, ამას არავინ იზამდა“, – წერს აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი.
„სისხლის სამათლის საერთაშორისო სასამართლოს არაფერი ესაქმება ამერიკელების სასამართლო დევნასთან. აშშ არ არის რომის სტატუტის მონაწილე და არ ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას“, -აღნიშნავს მაიკ პომპეო.