მაიკ პომპეო - რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ „ზეგავლენის ოპერაციებს“ ატარებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს თქმით, რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ „ზეგავლენის ოპერაციებს“ ატარებს. ამის შესახებ ნათქვამია მაიკ პომპეოს სიტყვაში, რომლითაც კონგრესში, ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე დღეს უნდა წარდგეს.
„რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, რომელიც გასცდა საგარეო ან სამხედრო აგრესიას. ის ახლა მოიცავს ასევე აშშ-ისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ „ზეგავლენის ოპერაციებს“, – ნათქვამია ტექსტში.
ასიგნებების კომიტეტში დღეს დაგეგმილ სხდომაზე აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაა დაგეგმილი.
პომპეოს სიტყვაში აღნიშნულია, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კონგრესში წარდგენილი ბიუჯეტი უმთავრეს ადგილს უთმობს რუსეთის მავნე გავლენას ევროპაზე, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაზე.