აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი ნიურნბერგის აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა.
ეს მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის რანგში გერმანიაში მეორე ვიზიტია. მაღალჩინოსანი ბავარიაში ამერიკელ სამხედროებს მოინახულებს, ასევე მოინახულებს სოფელ მოდლაროიტს, სადაც წარსულში გაყოფილი გერმანიის საზღვარი გადიოდა. პომპეო “ცივი ომის” დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
მაიკ პომპეო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაიკო მაას შეხვდება. მოგვიანებით, 8 ნოემბერს კი ბერლინში მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან, ასევე გერმანიის ფინანსთა და თავდაცვის მინისტრებთან. გერმანული მედიის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორისაა აშშ-ის მიერ ევროკავშირის პროდუქციაზე ტარიფების შესაძლო დაწესება, ასევე მშენებარე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის წინააღმდეგაც ვაშინგტონი გამოდის.