მაიკ პომპეო - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო საუდის არაბეთისთვის სანქციების დასაწესებლად რამდენიმე კვირა დაგვჭირდება
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთისთვის სანქციების დასაწესებლად აშშ-ს კიდევ რამდენიმე კვირა სჭირდება, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირების შესახებ ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოძიება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, შემდეგ კი, აშშ-მა შესაძლოა, გარკვეული პირების მიმართ სანქციები დააწესოს.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ გამოარკვია, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს, ცხედარი კი დაანაწევრეს და გააქრეს. ჯამალ ხაშოგის საკონსულოში გარდაცვალების ფაქტი საუდის არაბეთმა ოფიციალურად მხოლოდ მკვლელობიდან 16 დღის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად აღიარა.