მაიკ პომპეო ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციას ვენესუელის გარიცხვისკენ მოუწოდებს
მაიკ პომპეო ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციას ვენესუელის გარიცხვისკენ მოუწოდებს

მაიკ პომპეო ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციას ვენესუელის გარიცხვისა და ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ასამბლეაზე გააკეთა.
„ასეთი ნაბიჯი აჩვენებს, რომ ორგანიზაცია საკუთარ სიტყვას მოქმედებით ასრულებს. ეს ზომები ნიკოლას მადუროს რეჟიმისთვის ძლიერი გზავნილი იქნება იმისა, რომ მხოლოდ ნამდვილი არჩევნების შემდეგ მიიღებენ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის დიდ ოჯახში. ამასთან ერთად ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებისკენ მოვუწოდებ. მათ შორის არის სანქციები და დიპლომატიური იზოლაცია”,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ლათინური ამერიკის სახელმწიფოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 20 მაისს გაიმართა. შედეგად მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ამომრჩეველთა ხმების 67,8 %-ის მოგროვება მოახერხა. არჩვენების შედეგებს ჯერ ქვეყნის ოპოზიცია, შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა განუდგა.