მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეორე შეხვედრა შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა შესაძლოა, ოქტომბერში შედგეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-ის ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
პომპეოს თქმით, ის ფხენიანში გაემგზავრება, რათა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შესაბამისი პირობები უზრუნველყოს.
„შეხვედრის ჩატარება გარკვეულ დროს მოითხოვს და გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ შექმნილია სწორი პირობები წარმატებული სამიტისთვის“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
პომპეო არ გამორიცხავს, რომ სამიტი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მონაწილეობით ოქტომბერში გაიმართოს, თუმცა სახელმწიფო მდივანი ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, შეხვედრა ცოტა მოგვიანებით შედგება.