აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 8 ნოემბერს, ნიუ-იორკში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მრჩეველს, კიმ იონ ჩჰოლს შეხვდება. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა სინგაპურის სამიტის დეკლარაციის საკითხების რეალიზაცია იქნება, მათ შორის კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების.
მაიკ პომპეოსა და კიმ ჩენ ინის მრჩეველს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში 2018 წლის მაისშიც შედგა. მაშინ მათ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა ივნისში სინგაპურში შედგა, რომლის შედეგადაც მხარეები კორეის ნახევარკუნძულის სრულ დენუკლეარიზაციაზე შეთანხმდნენ. ამჟამად ვაშინგტონი და ფხენიანი მეორე სამიტის ორგანიზების შესაძლებლობას განიხილავენ.