მაიკ პენსმა ირანის საწინააღმდეგო ზომების გატარების გეგმა რესპუბლიკელ სენატორებს გააცნო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ირანის საწინააღმდეგო ზომების გატარების გეგმა რესპუბლიკელ სენატორებს გააცნო.
მაიკ პენსისა და რესპუბლიკელი კანონმდებლების შეხვედრა დახურული იყო.
როგორც „ვაშინგტონ თაიმსი“ წერს, აშშ-ის გეგმა „ირანის შეკავებას“ ითვალისწინებს.
როგორც შეხვედრაზე მყოფი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, აუცილებელია, ირანს „რეგიონული პასუხი გაეცეს, რომელიც იმ სიძლიერის იქნება, რომ თეირანმა მომავალში წინ წაწევა ვერ შეძლოს“.
„შეკავების სტრატეგია ნიშნავს იმას, რომ ირანი დღეს უნდა შევაჩეროთ. თეირანის სამხედრო შესაძლებლობები იზრდება. ისინი ტექნოლოგიების განვითარებას სანქციების პირობებშიც ახერხებენ. ასე რომ ვფიქრობ, ახლა სხვა გზა უნდა ავირჩიოთ და არა სანქციები“, – აცხადებს გრემი.
რესპუბლიკელი სენატორი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თავშეკავებული პოზიცია მაშინ, როდესაც ირანმა ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, თეირანმა სისუსტედ ჩათვალა.
14 სექტემბერს საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილ საწარმოებსა და საბადოებზე იერიში დრონებით მიიტანეს. აშშ-ი ამტკიცებს, რომ თავდასხმა ირანმა მოაწყო. თეირანი ბრალდებას უარყოფს.