მაიკ პენსი - აშშ-ის პრეზიდენტს გზავნილი აქვს თურქეთის ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლეთ პასტორი ბრანსონი, ან იყავით მზად საპასუხო რეაგირებისთვის
მაიკ პენსი - აშშ-ის პრეზიდენტს გზავნილი აქვს თურქეთის ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლეთ პასტორი ბრანსონი, ან იყავით მზად საპასუხო რეაგირებისთვის

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პასტორი ენდრიუ ბრანსონი, ან მზად იყავით საპასუხო რეაგირებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა რელიგიური თავისუფლებისადმი მიძღვნილ პირველ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პოლიტიკოსმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტრამპის გზავნილი გადასცა და მოუწოდა, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, რათა აშშ-ის მოქალაქე, სასულიერო პირი, პასტორი ბრანსონი სამშობლოში დაუბრუნდეს.

„პასტორი ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულოა, არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება მის წინააღმდეგ. ჩვენი ადმინისტრაცია მთელი ძალებით მუშაობს მის გათავისუფლებაზე. გუშინ თურქეთმა პასტორი ენდრიუ ბრანსონი ციხიდან გაათავისუფლა, თუმცა დატოვა შინა პატიმრობაში. ეს პირველი ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისად კარგი. ის იმსახურებს, იყოს თავისუფალი. აშშ-ის პრეზიდენტს აქვს გზავნილი თურქეთის ხელისუფლების მიმართ, –  გაათავისუფლეთ პასტორი ბრანსონი ახლავე, ან იყავით მზად საპასუხო რეაგირებისთვის. თუ თურქეთი არ მიიღებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას, ამ უდანაშაულო მორწმუნის აშშ-ში დასაბრუნებლად, აშშ თურქეთს მნიშვნელოვან სანქციებს დააკისრებს, ვიდრე არ გათავისუფლდება“, – აღნიშნა პენსმა.

ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელსაც თურქეთში ტერორიზმში ადანაშაულებენ, გუშინ ციხიდან შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ის თურქეთში ოჯახთან ერთად წლებია ცხოვრობდა. გასული წლის ოქტომბერში თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში, ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის მიზეზით დააკავა. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.