მაიამის უმაღლესი კატეგორიის ქალთა ტურნირზე მეორე წრე დასრულდა. ამ ეტაპზე, ბრძოლას გამოეთიშა რეიტინგის მეორე ნომერი, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი კაროლინ ვოზნიაცკი.
დანიელი ჩოგბურთელი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონს, პუერტორიკოელ მონიკა პუიგს ხვდებოდა. ვოზნიაცკისთვის მატჩი შესანიშნავად დაიწყო – სამი ბრეიკის წყალობით, პირველი სეტი “მშრალი” ანგარიშით მოიგო, მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, პუიგი ინიციატივას დაეუფლა და მეტოქეს საკუთარ მოწოდებაზე მინიმალურ შანსს აძლევდა.
მეორე სეტში პუერტორიკოელმა მეხუთე გეიმში შეასრულა ბრეიკი და ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად.
მესამე სეტში პუიგი ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა – 4:1 და მართალია, შემდეგ ერთი საკუთარი გეიმი დათმო, მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა – 0:6, 6:4, 6:4.
მორიგი სათამაშო დღიდან ასევე უნდა აღვნიშნოთ ელინა სვიტოლინას დამაჯერებელი გამარჯვება ნაომი ოსაკასთან მატჩში – 6:4, 6:2. იაპონელი ოსაკა ამერიკული ტურნირების ნამდვილი სენსაცია გახდა – მოიგო ინდიან უელსი, ხოლო მაიამის პირველ წრეში სერენა უილიამსს სძლია, მაგრამ აზიელმა მეორე რაუნდში ვერაფერი მოუხერხა უკრაინელს. არადა, ოსაკა უშანსოდ არ ყოფილა – ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოიყენა. უკრაინელმა ცხრა ასეთი შანსი მიიღო და ოთხი ბრეიკი შეასრულა.