ნაომი ოსაკამ მაიამის ტურნირი სერენა უილიამსის დამარცხებით დაიწყო
ნაომი ოსაკამ მაიამის ტურნირი სერენა უილიამსის დამარცხებით დაიწყო

ინდიან უელსის შემდეგ, ქალმა ჩოგბურთელებმა მაიამიში გადაინაცვლეს, სადაც ზედიზედ მეორე უმაღლესი კატეგორიის ტურნირი დაიწყო. დასრულდა პირველი წრე, რომელშიც განთესილი ჩოგბურთელები არ თამაშობდნენ – ისინი პირდაპირ მეორე წრიდან ჩაებმებიან ბრძოლაში.

პირველ რაუნდში მთავარი შეხვედრა იყო მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, ამერიკელი სერენა უილიამსისა და იაპონელი ნაომი ოსაკას დაპირისპირება. უილიამსი დაბრუნების შემდეგ, მეორე ტურნირს ატარებდა. ინდიან უელსში მან ერთი წრის გავლა მოახერხა, მაგრამ მეორეში საკუთარ დასთან ვინუს უილიამსთან დამარცხდა. რაც შეეხება ოსაკას, ის ინდიან უელსის ტურნირნის გმირი გახდა – ზედიზედ მოუგო მარია შარაპოვას, აგნიეშკა რადვანსკას, კაროლინა პლიშკოვას, მსოფლიოს პირველ ჩოგანს სიმონა ჰალეპს და სენსაციური ჩემპიონი გახდა.

ოსაკამ ბრწყინვალე ფორმა მაიამისთვისაც შეინარჩუნა და ორ სეტში მოუგო ამერიკელ ლეგენდას. პირველი სეტის პირველ ექვს გეიმში მეტოქეებმა შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდება, მაგრამ 3:3-დან ოსაკამ ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, ზედიზედ სამი გეიმი აიღო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტშიც იაპონელმა ორი ბრეიკი მიითვალა და საბოლოოდ, საათსა და 18 წუთში 6:3, 6:2 მოიგო.
სერენას ორად ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, ოსაკამ კი რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. იაპონელი მეორე წრეში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება.