მაია სანდუ - რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში ჩაძირა, არ შეგვიძლია, ვენდოთ რეჟიმს, რომელიც ზოგს კლავს, ზოგს სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს
კიშინეუ ვერ ენდობა რუსეთის რეჟიმს, რომელიც ზოგს კლავს, ზოგს კი სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს სახლებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
„რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში ჩაძირა. რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს სახლებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სინათლისა და სითბოს გარეშე, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ხალხები გაჭირვებაში და დამცირებული ამყოფოს. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის მომავალი გზა თავისუფალი სამყაროს მიმართულებით უნდა იყოს“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი მასობრივი სარაკეტო თავდასხმის გამო, 23 ნოემბერს მოლდოვის ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გამო ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განმარტებების მისაცემად, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.