მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. 21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს. 2013 წლის ამ დღეს კიევში ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
მაია სანდუმ, უკრაინის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან ერთად, პატივი მიაგო „ღირსების რევოლუციის“ დროს დაღუპულთა ხსოვნას.
როგორც სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, ის კიევში ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შესახვედრად ჩავიდა, თუმცა ევროკავშირის მხრიდან შარლ მიშელის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„დღის წესრიგში ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯების, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე ევროკავშირის მიერ ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარების მხარდაჭერის გაგრძელების განხილვაა“, – წერს სანდუ.