მაია ქურციკიძე - ქუჩაში ყოფნა ბავშვის არჩევანი არ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვი რაც შეიძლება მალე მოწყდეს ქუჩას
ქუჩაში ყოფნა ბავშვის არჩევანი არ არის, ეს ცალსახად ბავშვის უფლებების დარღვევაა და ყველამ, უპირველესად კი სახელმწიფომ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ბავშვი რაც შეიძლება, მალე მოწყვიტოს ქუჩას, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბავშვი ქუჩაში იმას ნიშნავს, რომ ის გარემოებების მსხვერპლია. ბავშვის მიერ ქუჩაში გატარებული თითოეული საათი კი იმას ნიშნავს, რომ ის ქუჩაში უფრო მეტად კავდება და რაც დრო გადის, მისი ქუჩიდან გამოყვანა უფრო რთული იქნება“, – განაცხადა ქურციკიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა შემცირდეს ქვეყანაში მიუსაფარი ბავშვების რაოდენობა, მაია ქურციკიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკვე არსებული მომსახურებების რაოდენობა გაიზარდოს, რათა ბავშვების უფრო ეფექტიანი დახმარება მოხდეს და ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს ბავშვების ქუჩაში გასვლის პრევენცია.
„თუ დღეს ქუჩას ერთი ბავშვი მოვწყვიტეთ, მაგრამ ხვალ ის სხვამ ჩაანაცვლა, ეს პრობლემას არ მოაგვარებს. შესაძლოა, ამან იმ ერთი ბავშვის პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ ეს ბავშვების ზოგად მდგომარეობას ვერ შეცვლის. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოში პრევენციის კარგად გამართული მექანიზმი არსებობდეს. აუცილებელია, სოციალური დაცვის ისეთი ეფექტიანი სისტემა იყოს, რომელიც იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებიც გარკვეულ სიღარიბეში არიან ან ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდიან და შესაძლოა, იყოს გარკვეული რისკი, რომ ბავშვი ქუჩაში გავიდეს და იმათხოვროს, რათა საკუთარი საარსებო წყარო მოიპოვოს და ოჯახს დაეხმაროს“, – განაცხადა ქურციკიძემ.
მისი თქმით, მთავარია, ბავშვი ოჯახში იმყოფებოდეს და სისტემა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ შეძლოს, გარკვეული რისკის ქვეშ მყოფი ოჯახები დაინახოს, მივიდეს, ბავშვებს დაეხმაროს და ეს ოჯახები გააძლიეროს.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით, რეფერირების მექანიზმი არსებობს, მაგრამ აუცილებელია, ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფრო ეფექტიანი სისტემა არსებობდეს.
„სახელმწიფო უნდა ხედავდეს და ეხმარებოდეს ბავშვებს, სანამ ისინი ძალადობას გაექცევიან და იმ ოჯახებიდან გამოვლენ, სადაც შესაძლოა, გარკვეული რისკის ქვეშ იყვნენ“, – განაცხადა ქურციკიძემ.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა იყვნენ სოციალური ინსტიტუციები, რომლებიც მონიტორინგს ახდენენ და თუ რომელიმე ბავშვი სკოლაში არ დადის, საგანმანათლებლო სისტემა ამ ბავშვებს განათლების სისტემაში უნდა რთავდეს.