მაია ომიაძე - წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება
მაია ომიაძე - წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის ექვსი თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს.

მაია ომიაძის განცხადებით, იანვარი-ივნისის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების ოდენობა 2019 წელთან მიმართებით 90%-ით აღდგა. საქართველოს სამ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როდესაც ეს მონაცემები მივიღეთ, ზაფხულის ტურისტული სეზონი რეალურად ჯერ კიდევ არ იყო პიკში შესული, ამიტომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრ მოგზაურს ველოდებით და ვფიქრობ, მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავი იქნება“, – აცხადებს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2023 წლის ორ კვარტალში ტურისტთა ნაკადების გაზრდას მარკეტინგულმა კამპანიებმა და ავიარეისების დამატებამ შეუწყო ხელი.

„ტურისტთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ეს არის მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც მუდმივად ვახორციელებთ სამიზნე ბაზრებზე: ევროპაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისრაელში. აღსანიშნავია, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ევროპის ქალაქებთან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა ახალი მიმართულებები ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე გაიზარდა არსებული რეისების სიხშირეები. შედეგად, ვფიქრობ წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.