მაია ომიაძე - სამწუხაროა თაღლითური ფაქტების არსებობა ტურისტების მიმართ, დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის
სამწუხაროა თაღლითური ფაქტების არსებობა ტურისტების მიმართ, დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტების მიმართ თაღლითობის ბრალდებით რვა პირის დაკავებას გამოეხმაურა.
„მოხარულები ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემა. ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება აღნიშნული შემთხვევის აღმოფხვრის მიმართულებით. მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
ერთ-ერთ ღამის კლუბში და სხვა ლოკაციებზე საპოლიციო ღონისძიება გვიან ღამით ჩატარდა, რის შედეგადაც რვა პირი დააკავეს. დღეს შსს-მ თაღლითური სქემის გახსნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა გაავრცელა.