მაია ომიაძე - ბრუნო მარსის კონცერტი არის ყველაზე მასშტაბური, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ამ დრომდე დაანონსდა
მაია ომიაძე - ბრუნო მარსის კონცერტი არის ყველაზე მასშტაბური, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ამ დრომდე დაანონსდა

საქართველოში, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსი იმღერებს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება. მისივე განმარტებით, Starring Georgia-ს ფარგლებში იქნება ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა.

„პირველ ოქტომბერს საქართველოს ამერიკელი მეგავარსკვლავი ბრუნო მარსი ეწვევა და ის კონცერტს გამართავს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე ადამიანი შეძლებს დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რომ მეგავარსკვლავს მოუსმინონ. ასევე აღსანიშნავია, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში ეს არის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ ელვისებური სისწრაფით იყიდება ბილეთები. 20 ივნისიდან შეძლებს მსმენელი, რომ ბილეთები შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებზე შეიძინოს. ასევე აღსანიშნავია, რომ Starring Georgia არის საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ივენთ კალენდარი, მასშტაბური ღონისძიებების კალენდარი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, საერთაშორისო, მსოფლიო ღონისძიებათა კალენდარში ღირსეული ადგილი დაიკავოს“, – აცხადებს მაია ომიაძე.

Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.