მაია მიმინოშვილი - წელს პირველად აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე საკუთარი კალამი შეიტანონ
მაია მიმინოშვილი - წელს პირველად აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე საკუთარი კალამი შეიტანონ

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ, სურვილის შემთხვევაში, გელის (ტუშის) საკუთარი კალამი შეიტანონ, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან, აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, სადაც კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ახალი ინფორმაცია ყოველდღიურად განთავსდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არჩევით საგნებში გამოცდა ჩატარდება მხოლოდ ქართულ ენაზე. ზოგადი უნარების ტესტში, ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 4500-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 12300-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 21 000-მდე აპლიკანტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს დაიწყება. საგამოცდო ცენტრები გახსნილია: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში. წელს გამოცდები ერთდროულად 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

რეგისტრაცია პირველი სესიისთვის 08:00 საათზე დაიწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ასევე წარიმართება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი.

საგამოცდო პროცესი 26 ივლისს დასრულდება. თითოეულ საგანში მიღებული ქულები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორებისთანავე გახდება ცნობილი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება.