მაია მიმინოშვილი - რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების სისტემის დამონტაჟება განათლების მინისტრის გადაწყვეტილება იყო
რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების სისტემის დამონტაჟება ჩვენი ინიციატივა და რეკომენდაცია არ ყოფილა, ეს იყო განათლების მინისტრის გადაწყვეტილება, – ამის შესხებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით, თუ 22-ვე საგამოცდო ცენტრში მოგვარებული იქნება ეს პრობლემა და 50-გრადუსიანი სიცხე არ შეგვაწუხებს“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მიმინოშვილის განმარტებით, წელს დაიწყო საგამოცდო ცენტრების კონდიცირების სისტემით უზრუნველყოფის ეტაპი, თუმცა ყველა სკოლასა და საგამოცდო ცენტრში ეს მარტივად გასაკეთებელი არ არის.
„წელს დაიწყო ეს ეტაპი და ერთ სკოლაში დამონტაჟდა, ყველა სკოლასა და ყველა საგამოცდო ცენტრში ეს მარტივი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება პრობლემას, რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, იმიტომ რომ სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ეს პერიოდი გვაქვს, როცა შეგვიძლია გამოცდების ჩატარება. ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, რომ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ყოფილიყო, თუმცა სკოლები მაისის ბოლოს ასრულებენ სასწავლო პროცესს და სექტემბერში უმაღლესი სასწავლებლები იწყებენ. ერთადერთი შუალედი გვაქვს ზაფხულის პერიოდი. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ კუთხით ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ აბიტურიენტებს“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისი თქმით, სკოლების ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი არ არის გამოცდების ეროვნული ცენტრი.
„გააზრებული მაქვს, რომ სკოლას არ სჭირდება კონდიციონერი. მაისიდან სექტემბრამდე სკოლები ისვენებენ და მე ვერაფრით ვერ მოვთხოვდი ვინმეს, რომ გინდა თუ არა კონკრეტულ სკოლაში კონდიცირების სისტემა დაემონტაჟებინა.
წინა განათლების მინისტრმა ეს დაპირება ნამდვილად დადო, რომ ყველა სკოლაში იქნებოდა კონდიცირების სისტემა და ჩვენ ვიქნებოდით ბედნიერები, ეს რომ ასე მომხდარიყო, თუმცა არა მხოლოდ ეს არის პრობლემა“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება დამონტაჟებული.