მაია მიმინოშვილი - განათლების სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების პრობლემა მოაგვაროს
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემასთან დაკავშირებით პრობლემა მოაგვაროს.
როგორც მიმინოშვილი ამბობს, რამდენად მოესწრება აღნიშნული პრობლემის მოგვარება მომდევნო კვირამდე, უცნობია, თუმცა მისი თქმით, გამოცდების განრიგის შეცვლა აბიტურიენტებს ვითარებას შეუმსუბუქებს.
„ის აბიტურიენტები, რომლებიც აბარებდნენ პირველ ნაკადში, 2 და 3 ივლისს მათ მოუწევთ ჩაბარება ზუსტად იმავე დროს, იმავე პერიოდში. რაც შეეხება, მეორე ნაკადში განაწილებულებს, მეორე ნაკადი 2 ივლისის ნაცვლად, გამოცდას ჩააბარებს 4 ივლისს დილის ნაკადში.
რაც შეეხება 3 ივლისის მეორე ნაკადს, მათ მოუწევთ ჩაბარება 5 ივლისს 08:00 საათზე. ამის გამო, შეიცვლება ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების დროც. ჩვენ ოთხშაბათი დასვენება გვქონდა, რაც აღარ გამოდის და ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება პარასკევს და შაბათს.
თუ ანალოგიური ვითარება შეიქმნება, ბუნებრივია, ოპერატიულად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად ცდილობს განათლების სამინისტრო, რომ გაგრილების სისტემასთან დაკავშირებით საქმე მოაგვაროს. რამდენად მოესწრება ყველა ცენტრში იმ კვირაში, უცნობია, მაგრამ ჩვენი ინიციატივა განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით ნამდვილად შეამსუბუქებს ვითარებას“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, იცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების დრო. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება, შესაბამისად, 4 და 5 ივლისს, დილით.