მაია მიმინოშვილი - თუ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მობილურ ტელეფონს შეიტანს, უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ საგამოცდო ცენტრებში დროულად გამოცხადდნენ.
როგორც მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ყველა საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის დაწყების დრო და აუცილებელია, აბიტურიენტებმა არ დააგვიანონ.
„აბიტურიენტებმა კარგად გაიაზრონ, რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდნენ და რეგისტრაცია გაიარონ. აბიტურიენტს შეუძლია, გამოცდაზე მოიტანოს წყალი პლასტმასის ბოთლით. გაზიანი წყალი არ შეიძლება, რადგან გახსნის დროს პრობლემები იქმნება. ვურჩევდი აბიტურიენტებს, წინა საღამოს საყინულეში შედგან ბოთლი და საგამოცდო ცენტრში გაყინული წყალი მოიტანონ. აქ დავახვედრებთ ცივ წყალსაც. თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი, ასევე კალამი, თუ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ საკუთარი კალმით ურჩევნიათ დაწერა. მეტს სექტორში ვერაფერს შეიტანენ. მინდა, ყველა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონების შეტანის მცდელობისგან. მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი უპირობოდ მოიხსნება გამოცდიდან”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.