მაია ხაჯიშვილი - აჭარის ყველა სკოლა მომზადებულია, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უსაფრთხო გარემოში წარიმართოს
აჭარაში სასწავლო პროცესი დღეს 228 საჯარო და 24 კერძო სკოლაში განახლდა. ერთადერთი სკოლა, სადაც სწავლა ორი კვირით გადაიდო, შუახევში სოფელ ცინარეთის სკოლაა. როგორც აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, წინასწარი ტესტირების შედეგად ამ სკოლის სამ პედაგოგს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
„სასწავლო პროცესი განახლდა ყველგან, შეფერხება გვაქვს მხოლოდ შუახევის ერთ-ერთ სკოლაში. ორი კვირით გადავდეთ პროცესი, რადგან იქ პედაგოგებს ვირუსი დაუდასტურდათ. ამ სკოლაში სულ 19 მოსწავლე გვყავს“, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აჭარის ყველა სკოლა მომზადებულია, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. მისივე თქმით, პირველივე დღეს სკოლებში სწრებადობა მაღალია.
ბათუმის მასშტაბით, ონლაინრეჟიმში სწავლის გასაგრძელებლად სამი ათასამდე მოსწავლე დარეგისტრირდა.