ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრი შეხვდა
ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრი შეხვდა

ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდნის საფრთხის წინაშე დადგა, რადგან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, სასტუმროებში ასობით ჯავშანი გაუქმდა, ადგილზე მყოფი რუსი ტურისტები კი, ქალაქს თანდათან ტოვებენ.

აქციის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ.

აქციას იპოთეკური სესხებით დაზარალებულებიც შეუერთდნენ, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებს აჭარაში მყოფი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ.

ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება გვერდით დაუდგება მცირე მეწარმეებს, შემუშავდება ეფექტიანი გეგმა, რაც მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს.

მისივე თქმით, განხორციელდება საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოპულარიზაციისა და ახალი ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვისთვის დამატებითი ღონისძიებები.

დღესვე, ეკონომიკის მინისტრი ბათუმში ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. პუტინმა მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.