მაია ცქიტიშვილმა და ქსიანინგის ავტონომიის გუბერნატორმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს ქართული დელეგაცია ქსიანინგის ავტონომიის გუბერნატორს შოჰრად ზაქირს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გუბერნატორთან შეხვედრისას განიხილეს „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მაგისტრალის, ე.წ. შუა დერეფნის შესაძლებლობები.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საშუალებას იძლევა ჩინეთიდან წამოსული ტვირთი, სარკინიგზო ხაზით, უმოკლეს ვადებში მოხვდეს ევროპის ქალაქებში.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, ქსინიანგის პროვინციის ვიცე გუბერნატორი უხელმძღვანელებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და ჩინური კომპანიების მხრიდან ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობაზე.
ურთიერთთანამშრომლობის სფეროებს შორის ასევე დასახელდა განათლების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებები.