მაია ცქიტიშვილი - ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“, იმ ხალხის გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რომელიც ასე გულწრფელად აკეთებს საქმეს
ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“, იმ ხალხის გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რომელიც ასე გულწრფელად აკეთებს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
„მადლობა დაფასებისთვის. მე და ბატონი ირაკლი 15 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ერთობლივად გაკეთებული ძალიან ბევრი საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუში“. ასევე, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, მაშინ ვეხმარებოდი როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ვთხოვე, მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს. გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო და დატვირთული ამით დავასრულო, მივცე საშუალება ჩემს გუნდს. ირაკლი ქარსელაძე არის ჩემი პირველი მოადგილე სამი წლის განმავლობაში. ირაკლისთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია, რომ ირაკლი და ჩემი არსებული მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი, მთელი ის გუნდი, ისინი გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და საინტერესოა, რომ მე უკვე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, დავუბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას. ვფიქრობ, ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სადაც რამდენიმე პრემიერის შემთხვევაში მქონდა საშუალება მსახურების.
დღევანდელი ტრიბუნა მინდა გამოვიყენო, რომ მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, რომელთან ერთადაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. ასევე ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი იყო. სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდის პანდემია, სადაც ასევე ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი გუნდი, შემადგენლობა, ჩემი კოლეგები ძალიან ეფექტურად და წარმატებით მართავდნენ ამ პროცესს. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას წარმატება ვუსურვო. მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით. ასევე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან, მე ასევე მოგეხსენებათ, პოლიტიკაში ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე ვიზიარებდი სრულად „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და დღეს მე ასევე ვრჩები ამ ფასეულობების ერთგული. ბუნებრივია, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ვიქნები იმ ხალხის გულშემატკივარი, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს საქმეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.