მაია ცქიტიშვილი - ვმუშაობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რათა შევქმნათ ახალი სივრცეები, სადაც სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართება
მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია ადამიანის ჩამოყალიბებაში, სასკოლო წლებში ვსწავლობთ ბევრ სხვადასხვა საგანს და უმთავრესს – მეგობრობას და ფასეულობებს, – ამის შესახებ მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცით მასწავლებლების საჭიროებები და იმედი მაქვს, რომ განათლების რეფორმის პროცესში ერთად ვიქნებით, რადგან თქვენ გარეშე ჩვენი ნებისმიერი გეგმა არის მხოლოდ დოკუმენტი და სწორედ თქვენ გვაძლევთ საშუალებას, ეს ხედვები გავატაროთ ცხოვრებაში. აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა მომავალი წლიდან მაღალი ხარისხისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ, რითიც შევეცდებით, პედაგოგებსა და ბავშვებს შევუქმნათ ისეთი ახალი სივრცეები, სადაც სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარიმართება“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ჟიურის მიერ შერჩეული ათეულიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რჩეული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე გახდა, წლის პედაგოგის ტიტული კი ბაღდათის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა მანანა კაპეტივაძემ მოიპოვა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი 2017 წლიდან ტარდება. ამ სტატუსისთვის წელს 104 პედაგოგი იბრძოდა.