მაია ცქიტიშვილი - ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილებ არ გაიაზრა საკუტარი პასუხისმგებლობა, ეს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
„დღევანდელი სტატისტიკის გათვალისწინებითაც ვხედავთ, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენც შევდივართ ახალ ფაზაში. დღეს დაფიქსირდა 2 400 შემთხვევა და აქედან თბილისში არის დაახლოებით, 1 000 შემთხვევა. გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს პოლიტიკური პროცესიც ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება და ბუნებრივია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე. როგორ ჩანს, გვექნება კიდევ უფრო სწრაფი ზრდა. თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ თავისი პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება, ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ და მკვეთრ ზრდას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.