მაია ცქიტიშვილი - უნდა გავმიჯნოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მთავრობისგან ამ პროექტის მხარდაჭერა და საგამოძიებო მოქმედებები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებაზე
მაია ცქიტიშვილი - უნდა გავმიჯნოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მთავრობისგან ამ პროექტის მხარდაჭერა და საგამოძიებო მოქმედებები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებაზე

უნდა გავმიჯნოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მთავრობისგან ამ პროექტის მხარდაჭერა და საგამოძიებო მოქმედებები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ აღნიშნა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“​ და მთავრობას შორის არის ძალიან კარგი თანამშრომლობა.

„მინდა, გამოვეხმაურო ამ ფაქტს და ნამდვილად დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომ ხელი შევუწყოთ იმ ფინანსური რესურსების მოზიდვაში, რომელიც არის საჭირო პორტის მშენებლობისთვის. მუდმივად და ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, როგორც საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებთან, ასევე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ამდენად, მე დიდი სურვილი მექნებოდა, რომ გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისგან – ერთი არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ამ მიმართულებით, როგორც კონსორციუმის, ისე საქართველოს მთავრობის რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მიერ აქტიური თანამშრომლობა და ამ პროექტის მხარდაჭერა და მეორე მხრივ, ის კვლევა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას. მე ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი. ჩვენი, როგორც მთავრობის, ასევე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ძალისხმევა არის მიმართული იქითკენ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა მაია ქციტიშვილმა.