მაია ცქიტიშვილი - უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ 2021 წლის ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ
გუდაურში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია, დღეის მდგომარეობით ყველა სასტუმროს მიეწოდება წყალი. რაც შეეხება ბაკურიანს, დილიდან დაიწყო პრობლემური სასტუმროების წყალმომარაგება ეტაპობრივად, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღის განმავლობაში ბაკურიანს წყალმომარაგება სრულად აღუდგება.
„რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ობიექტური მიზეზი არის უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია იმ წყლის მარაგების მკვეთრი შემცირება, რომელიც საჭიროა სრულად მთელი ამ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მხოლოდ ბაკურიანში, 2019 წელს დაგვემატა 800-მდე ახალი აბონენტი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო განთავსების ობიექტი. შესაბამისად, ეს არის დამატებითი მოთხოვნა, დამატებითი ზემოქმედება იმ წყალმომარაგებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. იგივე ვითარებაა გუდაურში: ამდენი იურიდიული პირი არ დაგვემატა, მაგრამ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი დაემატა „რედკოს დასახლებას“. უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ 2020 წელს ჩვენ დავაბანდოთ ინვესტიციები, რათა 2021 წლის ზამთრის სეზონს შევხვდეთ მომზადებულები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.