მაია ცქიტიშვილი - საქმიანობას გააგრძელებენ სისტემური კომპანიები და ის კონკრეტული დარგები, რომელთა დისტანციურად ფუნქციონირებაც შესაძლებელია
საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობას სისტემური კომპანიები და ის კონკრეტული დარგები გააგრძელებენ, რომელთა დისტანციურად ფუნქციონირებაც შესაძლებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის პირობებში ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ის პირობები განიხილეს, რაც ოპერირების მსურველმა კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საგანგებო შტაბის ფორმატში შემუშავდა საგანგებო წესები და რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც ბიზნესის ნაწილი დისტანციურ რეჟიმში უნდა გადავიდეს.
ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიებმა დისტანციურ რეჟიმსა და ონლაინ ვირტუალურ პლატფორმას შორის განსხვავებას ყურადღება მიაქციონ.
„განსაზღრულია იმ საქმიანობათა წრე, მაგრამ დათქმებით, რომელთაც შეუძლიათ თავისი საქმიანობის გაგრძელება. ეს არის პირველ რიგში სისტემური კომპანიები და დარგები, რომლის გარეშეც ელემენტარულად ჩვენი ქვეყნის შემდგომი ფუნქციონირება ძალიან გართულდება. გარდა ამისა, ის კონკრეტული დარგები, რომელთა ფუნქციონირება შესაძლებელია არა ონლაინ, არამედ დავაზუსტებ – დისტანციურად. როდესაც ვსაუბრობთ ონლაინ მომსახურებასა და დისტანციურ მოწოდებაზე, აქ დიდი განსხვავებაა. როდესაც ვსაუბრობთ ონლაინ ვაჭრობაზე, პირველ რიგში ვსაუბრობთ ურთიერთობაზე მომხმარებელსა და ორგანიზაციას შორის, დამკვეთსა და შემსყიდველს შორის, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპის ონლაინ ვაჭრობასთან გვაქვს საქმე, უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლოა, მყიდველი უშუალოდ არ მიდის სავაჭრო ობიექტში ანუ ონლაინ უკავშირდება, მაგრამ უკვე დაკვეთის მიმღებ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი ბიზნესპროცესი ისეა აწყობილი, რომ ელემენტარულად იმისთვის, რომ პროდუქცია, თუნდაც საშენი მასალა, ან საყოფაცხოვრებო ან კომპიუტერული ტექნიკა ან თუნდაც მცირე ნივთი მომხმარებელს რომ მივაწოდოთ, ამისთვის საჭიროა რომ ამ ორგანიზიციის ბექოფისში მუშაობდეს ბუღალტერი, დაკვეთის მიმღები, საწყობის დამტვირთავი მუშა, რომ ეს ონლაინ შეკვეთა იყოს შესრულებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი მოსაზრებით, ყველამ უნდა გაითავისოს არსებული საკარანტინო პირობები და ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი შეძლებისდაგვარად შეზღუდოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ყველამ გავითავისოთ, რომ ჩვენ პრაქტიკულად საკარანტინო რეჟიმში ვართ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ასევე კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათის შემდეგ. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება იყოს უხილავი. მაგრამ ეს რეალობა ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტი ადამიანებს შორის, მათ შორის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ ორგანიზაციების ბექოფისებში იმყოფებიან. ამიტომ, კომპანიების დისტანციურად მუშაობა ნიშნავს არა იმას, რომ მომხმარებელი უკავშირდება დისტანციურად, არამედ იმას, რომ კომპანიის ბექოფისში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს დასაქმებული. დისტანციურად სერვისის მიწოდება ნიშნავს იმას, რომ როგორც მომხმარებელი უკავშირდება ორგანიზაციას დისტანციურად, ასევე თითონ ორგანიზაციას აქვს ყველა პროცესი დალაგებული ისეთი სახით, რომ ის პრაქტიკულად დისტანციურად აგვარებდეს ამ სამუშაოებს“, – განუცხადა მაია ცქიტიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.