მაია ცქიტიშვილი - პიკეტირება, ბლოკირება და დესტრუქციული აქციები დიალოგის პროცესს აზიანებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში დიალოგი ერთადერთი სწორი გზაა.
„რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს და პიკეტირებას, ამ თემაზე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და შეფასება. როგორც ხედავთ, დიალოგის პროცესი მიმდინარეობს, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ ორივე მხარეს, რომ სწორედ დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ კონსულტაციები, რათა შევთანხმდეთ, თუ რა სახით და საარჩევნო კოდექსში რა ცვლილებებით, ან თუნდაც სხვა საარჩევნო სისტემით ჩავატაროთ 2020 წელს არჩევნები, როგორ წარვმართოთ ეს პროცესი კონსტრუქციულად. სწორედ დიალოგის რეჟიმი არის ყველაზე სწორი გზა საერთო ენის გამოსანახად“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, პიკეტირება, ბლოკირება, დესტრუქციული აქციები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს აზიანებს.
„ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, პიკეტირება, ბლოკირება, სხვა ასეთი დესტრუქციული აქციები უშუალოდ დიალოგის პროცესსაც აზიანებს. ხელისუფლების პასუხი არის კონსტრუქციული ქმედება. ჩვენ ვაგრძელებთ პირველ რიგში მუშაობას, რათა ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, უნდა ვიყოთ ამ დიალოგის პროცესში ჩართულნი“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი სამოქმედო გეგმა უცვლელია და აქციები, პიკეტები გაგრძელდება.