მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და მიხეილ ბატიაშვილი კახეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
კახეთის რეგიონის სოფელ იყალთოსა და ზემო ხოდაშენის მოსახლეობას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მათი მიზანია ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან როგორც მთავრობის წევრები, ისე საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„იცით, რომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვატარებთ ასეთ ღია შეხვედრებს უშუალოდ სოფლის მოსახლეობასთან. მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის წარმომადგენლებმა ძალიან აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ პატარა დასახლებების მცხოვრებლებთან შეხვედრები იმისთვის, რომ უკეთ განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად შემდეგი წლის ბიუჯეტს. ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბროთ გულახდილად. ვისაუბროთ მათ შორის, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ისე სოფლის სხვა საჭიროებებზე.ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ჩვენ ვადგენთ იმ პროგრამებს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებების სისტემურ მოგვარებას სჭირდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, სწორედ გასულ წელს გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა სოფლებში პოლიკლინიკების საჭიროება, რის გამოც შემუშავდა და 2019 წლის ბიუჯეტში აისახა სოფლის ამბულატორიების პროგრამა. ამ პროგრამით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 600-ზე მეტი ამბულატორიის რეაბილიტაცია და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა. ასევე, გამოიკვეთა სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის ლიკვიდაციისა და მისი პრევენციისათვის საჭირო პროგრამის არსებობა.
„შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას გადავამუშავებთ და ამ ინფორმაციის საფუძველზე პროგრამებსაც დავნერგავთ. მუნიციპალიტეტებიც თავის გეგმებსა და ბიუჯეტებსაც ამ პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრავენ“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აქვს.
„ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და შევიმუშავებთ მხარდამჭერ პროექტებს. გარდა ამისა, შეხვედრის ფორმატში, მოსახლეობას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მოქმედი სახელმწიფო პროექტებისა და მხარდამჭერი აქტივობების შესახებ. საინტერესო იყო დისკუსიაც. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აგრარული დარგის მიმართულების საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და არსებულ პოტენციალზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციაც მიაწოდეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იყალთოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განათლების კომპლექსური რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე და მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში არსებული სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხებსაც.
სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.