მაია ცქიტიშვილი - „კოვიდმა“ კარგად დაგვანახა, რომ შიდა ტურიზმი აუცილებელია, არ შეიძლება, ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე იყოს დამოკიდებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმები გრძელვადიანია, მას ვამზადებთ წინასწარ და შესაბამისად, „კოვიდ-19“-ს გეგმებზე არ უმოქმედია, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა.
მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად, უწყების გეგმებსა და მათ განხორციელებაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვგეგმავთ წინასწარ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ორთვიანი, სამთვიანი პროცესი გვქონდა „კოვიდთან“, რომელმაც შეგვაჩერა, ჩვენი გეგმები არის უფრო გრძელვადიანი, „კოვიდს“ გეგმებზე არ უმოქმედია. როდესაც ჩამოთვალეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სფეროები – საერთაშორისო ავტომაგისტრალები, ახალი საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა – რიკოთი, აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთი, ეს არის ხერხემალი, რომელიც „კოვიდმა“ უფრო დაგვანახა, რამდენად გვჭირდება ასეთი ტიპის მაგისტრალები, გამართული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ლოგისტიკური ჯაჭვების კარგად მუშაობა, როდესაც საგანგებო ვითარებაში გიწევს ქვეყანას ფუნქციონირება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მეორე ნაწილია საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი გზები.
„როდესაც შიდა გზებზე ვსაუბრობთ, მაგალითად, საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა, ეს არის ის აუცილებელი კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით საათით, საათ-ნახევრით უფრო სწრაფ მგზავრობას თბილისიდან რაჭამდე. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ „კოვიდზე“, ალბათ, „კოვიდმა“ ძალიან კარგად გამოაჩინა, რა შეიძლება, იყოს პრიორიტეტები. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ თურმე შიდა ტურიზმი აუცილებელი ყოფილა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ არ შეიძლება, ქვეყანა იყოს დამოკიდებული მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.