მაია ცქიტიშვილი - კატეგორიულად ვემიჯნები ბრალდებებს, რომელიც ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს
პირადი ცხოვრების გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში მიუღებელია, თუმცა ამასთან ერთად კატეგორიულად ვემიჯნები ბრალდებებს, რომელიც ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, პირადი ცხოვრების გამოყენება საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში იქნება, თუ რამე სხვა მიზნებიდან გამომდინარე, არის ყოვლად მიუღებელი.
„ვერც მორალურ სტანდარტში, ვერც საკანონმდებლო სტანდარტში ვერ ჯდება და ეს არის ის წყალგამყოფი, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ზოგადად პირადი ცხოვრების გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში მიუღებელია, თუმცა ამასთან ერთად კატეგორიულად ვემიჯნები ბრალდებებს, რომელიც ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს, როდესაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები შესაძლოა, ამ მეთოდებს მიმართავენ, მაშინ როდესაც გამოძიებამ დაადგინა პირადი ცხოვრების ამ კადრების ჩამწერი პირების ვინაობა, გავრცელებაზეც მოხდა ამ პირების დასჯა. ხელისუფლების დამოკიდებულება პირადი ცხოვრების კადრების და ამ ფაქტების მიმართ არის ძალიან ცხადი, მკაფიო და მგონია, რომ ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაცია საჭირო არ არის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.