მაია ცქიტიშვილი - ირინა ენუქიძისა და ზაზა სარალიძის შედარება შესაძლებელია ტრაგედიის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ორი საქმის შედარება არის ცინიზმი
ირინა ენუქიძისა და ზაზა სარალიძის შედარება შესაძლებელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ტრაგედია განიცადეს და დაკარგეს შვილები, მაგრამ ამ ორი საქმის შედარება არის ცინიზმი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ირინა ენუქიძისა და ზაზა სარალიძის შედარება შესაძლებელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ტრაგედია განიცადეს და დაკარგეს შვილები, მაგრამ ამ ორი საქმის შედარება არის ცინიზმი. სანდრო გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი. იგივე ოპოზიციას, ძალას, რომელიც ამ სისტემის, ამ მსხვერპლის ავტორი და ხელის დამფარებელი იყო, აქვს მცდელობა, წარმოაჩინოს, რომ ზაზა სარალიძის ტრაგედია არის იგივე. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მოზარდების ჩხუბთან, ძალიან ტრაგიკულ შემთხვევასთან. ხორავას ქუჩის შემთხვევაზე ვნახეთ სახელმწიფოს მხრიდან სრული რეაგირება. ვნახეთ, რომ დაკავებულები არიან არა მხოლოდ ის დამნაშავეები, ვინც მკვლელობაში არიან ბრალდებულები, არამედ დანაშაულის დაფარვის ბრალდებაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ზაზა სარალიძეს, რომელიც ირინა ენუქიძის მსგავსად, იცავს მომავალი თაობის სიცოცხლეს.