მაია ცქიტიშვილი - ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, სისტემური მნიშვნელობის 33 ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია, რაც შეჩერდა, უკვე აღდგენილია და 15 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობას სისტემურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუჩერებია.
ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ სტუმრობისას ისაუბრა.
მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა 33 პროექტი, რომელთა მიმდინარეობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა.
„კოვიდს რაც შეეხება, ყველასთვის მოულოდნელ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენც ძალიან ბევრ რაღაცასთან ადაპტაცია მოგვიწია. ვებრძოდით ინფექციის გავრცელებას და ამასთან ერთად, ვეცადეთ, სისტემური მნიშვნელობის პროექტები არ გაგვეჩერებინა, მაგალითად, როგორიც არის საერთაშორისო მაგისტრალები, სადაც უცხოელი კონტრაქტორები, თავისი უცხოელი პერსონალით უკვე საქართველოში იყვნენ მობილიზებული და აქ უწევდათ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ვეცადეთ, რომ სწორედ ასეთი პროექტები არ გაგვეჩერებინა პირველ რიგში. ჩვენთვისაც ეს გამოწვევა იყო, რადგან ძალიან ბევრი ისეთი საკითხის გადაწყვეტა მოგვიწია, რომელიც არ ყოფილა ბუნებრივი არც ჩვენთვის და არც კონტრაქტორისთვის. 33 პროექტი არ გაჩერებულა, ეს იყო დიდი, სისტემური პროექტები, რომელიც უკვე ვნახეთ. მაგალითად, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი გავხსენით დამატებით, ეს იყო სწორედ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც არ გაჩერებულა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, იგივე რეჟიმში გრძელდებოდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაც.
„გარდა ამისა, ჩვენ ვხედავდით, რომ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა ასევე განუწყვეტლივ, იგივე რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც იყო „კოვიდამდე“, 3 300 ადამიანზე მეტი მუშაობდა იმ დროს ამ პროექტებზე, რომელიც „კოვიდის“ მიუხედავად არ გაგვიჩერებია არც ერთი წუთით. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პროექტის შეჩერება მოგვიწია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკულად კარანტინის რეჟიმში ვიმყოფებოდით. თუ გახსოვთ, მუდმივად ვსაუბრობდით აუცილებელი ბალანსის დაჭერაზე, ბალანსის გამოძებნაზე ეკონომიკის და მნიშვნელოვანი პროექტების არ გაჩერებასა და ვირუსის არ გავრცელებას შორის. შესაბამისად, 33 დიდ პროექტზე ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო და ამაზე მაშინ განსაკუთრებული კონტროლი დავაწესეთ. უკვე შედეგიც სახეზე გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ყველა პროექტის განხორციელება აღდგენილია.
„დღეს ყველა პროექტი არის აღდგენილი, უკვე დიდი ხანია, პრაქტიკულად, იმ დღიდან, როგორც კი, შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, როდესაც სამშენებლო საქმიანობა და სამშენებლო მასალების ნაწილში მიწოდება გახდა შესაძლებელი. დღეს ეს არის დაახლოებით 6 ათასი პროექტი, 500-ზე მეტი კომპანია მუშაობს ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე, დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დღეის მდგომარეობით არის დასაქმებული“, – განაცხადა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას მაია ცქიტიშვილმა.