მაია ცქიტიშვილი - იგეგმებოდა ძალიან საშიში პროვოკაცია, რომელსაც ბევრად მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა
20-21 ივნისის მოვლენების განვითარება ძალიან მძიმე საყურებელი იყო, გასაგებია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, უახლესი წარსული ფონზე, ადამიანებისთვის ძალიან მტკივნეული, მეტიც შეურაცხმყოფელი იყო რუსი პოლიტიკოსის ხილვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 20 ივნისს და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა რეაგირება და საკითხი ამოიწურა, მაგრამ ის რაც მოხდა შემდეგ, იყო აბსოლუტურად მიუღებელი.
„ასამბლეა შეწყდა, გავრილოვი ტოვებდა საქართველოს და მიუხედავად ამისა, მას რადიკალებმა, რომლებიც სწორედ პოლიტიკოსების მიერ იყვნენ მართულნი, ბოთლები დაუშინეს. ეს იყო რეალურად საშიში პროვოკაცია, რომელსაც ძალიან მძაფრი და ბევრად მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალებმა და დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს.
„თუკი 20 ივნისის საღამოს, პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების გულწრფელი პატრიოტული გრძნობების გამოყენება სცადეს რადიკალებმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაბრუნებისთვის, ახლა მათი მთავარი ინტერესი ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური დაზარალებაა, მათი ამოცანაა შემცირდეს ტურისტების ნაკადი, დაეცეს ლარის კურსი, გაღარიბდეს მოსახლეობა, რათა უფრო ადვილად მართო მერე მათი აგრესია და უკვე ამ ფონზე სცადონ პოლიტიკური რევანში“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მშვიდობიანი აქციის გამოყენება სცადა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც 2012 წლის შემდეგ მუდმივად რადიკალურ და რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და ამ სცენარის განხორციელებას გეგმავს იქ, სადაც ამის საშუალება მიეცემა.
„მშვიდობიანი აქცია გამოიყენეს და მიზანმიმართულად იყო პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მოწოდებები. პარლამენტი არ არის უბრალოდ შენობა, ის არის ინსტიტუცია, რომელიც სხვა უწყებებთნ ერთად უზრუნველყოფს სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ოკუპაციის თემა ქვეყნის მთავარი საზრუნავია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უპირველესი პრიორიტეტია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რისთვისაც არაერთი საერთაშორისო ფორმატი და ტრიბუნა არსებობს.
„მიუღებელია რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობა ჩაშალოს არამარტო მშვიდობიანი დიპლომატიური პროცესები, არამედ დააზიანოს ხალხთაშორის ურთიერთობები, რეალურად კი სახალხო დიპლომატია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში ერთ-ერთი მთავარი აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.