მაია ცქიტიშვილი - EBRD-ის საინვესტიციო ფორუმი იყო კარგი საშუალება, ბიზნესისთვის გაგვეცნო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტზე ვიზიტი შეაჯამა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფორუმი იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მიეღოთ ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინვესტიციო კლიმატზე, მიღწევებზე და გაეკეთებინათ არჩევანი თავიანთი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.
„ვისაუბრეთ მიღწეული წარმატებებისა და გეგმების შესახებ, ასევე საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე და დარწმუნებული ვართ, ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მეტ ინვესტიციას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ- მინისტრ ალექსი გონჩარუკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტისთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზეც.
„უკრაინის პრემიერთან მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის არსებული შესაძლებლობები და სფეროები, სადაც ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების აშკარა რესურსი არსებობს. შევთანხმდით, რომ გარკვეულ სამუშაო ჯგუფებსაც შევქმნით, რომ ვიმუშაოთ როგორც სავაჭრო, ასევე ლოგისტიკური პოტენციალის მიმართულებით. ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა EBRD-ის პრეზიდენტთან, სადაც არაერთხელ აღინიშნა საქართველოს მიღწევები, მათ შორის პროექტები, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. ვიმსჯელეთ იმაზეც, რა წინადადებები შეიძლება შევთავაზოთ EBRD-ს, რათა კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ საქართველოში”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის სადისკუსიო პანელში – „ზრდის სტიმულირება: შესაძლებლობები ინვესტორებისთვის” მიიღო მონაწილეობა. პანელურ დისკუსიაში საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ლონდონში, EBRD – ის შტაბ-ბინაში გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.